2027 წლიდან ხელფასები იზრდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1793994413
რუსეთი და ირანი თეირანისთვის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
ირანის მაღალჩინოსნის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკა „ოპტიმისტურადაა განწყობილი“ და იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თეირანს საბოლოოდ მიაწვდის S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომელთა შეძენასაც ირანი წლების განმავლობაში ცდილობდა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ხუთშაბათს კრემლში საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მოჰსენ რეზაი პირადი წერილით გაგზავნა. ირანელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, წერილის მთავარი მოთხოვნა სწორედ აღნიშნული შეიარაღების მიწოდება იყო.
შესაძლო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომ რუსეთი ირანს „საერთოდ არ ეხმარება“, წერს გამოცემა.
მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რეზაიმ განაცხადა: „ბატონ პუტინთან მნიშვნელოვანი რეგიონული საკითხები განვიხილეთ. ასევე გაიმართა მნიშვნელოვანი საუბრები ომის შემდგომ პერიოდსა და რეგიონული უსაფრთხოების მოწყობაზე“.
როგორც The Telegraph-ი წერს, მხარეებმა რუსეთსა და ირანს შორის ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხიც განიხილეს.
ცნობილია, რომ ირანმა ბოლო პერიოდში რუსეთთან იარაღის მიწოდების შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმა. როგორც ჩანს, ეს გარიგებები თეირანის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, რომელიც აშშ-თან ომის შემთხვევაში გადარჩენასა და ისლამური რესპუბლიკის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ირანელ მაღალჩინოსნებს აშშ-თან ომის პირობებში გადარჩენის რამდენიმე გეგმა წარუდგინეს, მათ შორის რუსეთთან სამხედრო კავშირების გაღრმავების წინადადებაც.
გასაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც, ირანმა უნდა განავითაროს „სტრატეგიული ურთიერთობები, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, ისეთ დამოუკიდებელ გლობალურ ძალებთან, როგორებიც ჩინეთი და რუსეთია“, რათა ამერიკული ზეწოლა შეასუსტოს.
რეკომენდაციები ირანის პარლამენტის საიდუმლო კომიტეტმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, თებერვალში შეიმუშავა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება საჰაერო თავდაცვის, რაკეტებისა და დრონების შესაძლებლობების გაძლიერებას ეთმობა.
S-400-ის მიწოდების შესახებ ახალი მოთხოვნა ირანის თავდაცვის პოლიტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა და გამოავლინა ქვეყნის უუნარობა, დაეცვა საკუთარი საჰაერო სივრცე, ბირთვული ობიექტები და სამხედრო მეთაურები, მათ შორის აიათოლა ალი ხამენეი - მოკლული უზენაესი ლიდერი.
ანალიტიკოსებისა და რეგიონული ოფიციალური პირების შეფასებით, მოსკოვი თეირანს მსგავსი შეიარაღების მიყიდვას წლების განმავლობაში ჰპირდებოდა, თუმცა მიწოდებისგან თავს იკავებდა, რადგან ისრაელთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებას უფრთხოდა.
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს შესაძლოა სხვა მიზეზებიც ჰქონდეს, რის გამოც ამ სისტემების ირანისთვის გადაცემას მოერიდოს. უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ავიაბაზებსა და სხვა ობიექტებზე შორი მოქმედების დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული მუდმივი თავდასხმების გამო, თავად რუსეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად არის დატვირთული. შესაბამისად, მოსკოვს შესაძლოა საკუთარი ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაყიდად საკმარისი რესურსი არ ჰქონდეს.