„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
15 კვირაზე ნაკლები ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა, ირანთან ომის დასრულების თაობაზე თავდაჯერებული ტრაბახის პიკზე, განაცხადა: „ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა“ - როდესაც ოთხშაბათს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართული შეთანხმების ტექსტი საბოლოოდ გამოქვეყნდა, ის საერთოდ არ ჰგავდა კაპიტულაციის დოკუმენტს, პირიქით, ირანელებმა მსოფლიოს ყველაზე ძლიერ არმიასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ გაუძლეს, არამედ საზეიმოდაც ბევრი მიზეზი დარჩათ, - წერსამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტრამპი ირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ ითხოვდა, თუმცა, სანაცვლოდ, სიურპრიზი მიიღო“.
„ეს ყოველივე იწყება თეირანისთვის ნავთობის გაყიდვიდან მილიარდობით დოლარის შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აღდგენით, რაც ამსუბუქებს წნეხს მძიმე მდგომარეობაში მყოფ რეჟიმზე. და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მომლაპარაკებლები გაცილებით ვრცელ და კრიტიკულ დოკუმენტზე ვაჭრობის დასაწყებად ემზადებიან - სწორედ იმ დოკუმენტზე, რომელიც, როგორც ტრამპმა კვირას მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, ირანის ბირთვულ პროგრამას მომდევნო 15 ან 20 წლის განმავლობაში შეაჩერებს“, - აღნიშნულია სტატიაში.
პრეზიდენტისთვის, რომელიც ყველაფერზე მაღლა გავლენის ბერკეტებს აყენებს, ეს გადაწყვეტილება ამ ომის კიდევ ერთი საიდუმლოა. თუმცა, „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ფორმულირება იმაზეც მიანიშნებს, რომ დროთა განმავლობაში ირანმა შესაძლოა მიაღწიოს გარკვეულ მუდმივ შეთანხმებას ჰორმუზის სრუტეზე საკუთარი სუვერენიტეტის გასავრცელებლად. ეს აშკარა წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სულ რამდენიმე კვირის წინანდელ განცხადებებთან, სადაც ის ამბობდა, რომ სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის გარდა ნებისმიერი სხვა რეჟიმი „მიუღებელია“ და „ვერ მოხდება“.
ხოლო მემორანდუმი, რომელსაც ოთხშაბათს საღამოს ირანის პრეზიდენტმა და ტრამპმა მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს მექანიზმს, რომლითაც ირანმა შესაძლოა დაიწყოს წლების განმავლობაში გაყინული მილიარდობით დოლარის აქტივების მიღება. ტრამპი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს თანხა მხოლოდ „კარგი ქცევის“ სანაცვლოდ გამოიყოფა, თუმცა ეს, არსებითად, ზუსტად ისეთივე დათმობაა, რომელიც ბარაკ ობამამ 11 წლის წინ დაუშვა და რომელსაც ტრამპი მას შემდეგ მუდმივად მიწასთან ასწორებდა.
უახლოეს დღეებში ამ შეთანხმების დეტალებს ნაკუწ-ნაკუწად დაშლიან და სათითაოდ განიხილავენ. ტრამპის პარტიის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები უკვე გამოხატავენ პროტესტს. უკმაყოფილებას არ მალავენ ისრაელელებიც, რომლებიც მოლაპარაკებებს მიღმა დატოვეს და ახლა შიშობენ, რომ ტრამპი მათ „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტას აიძულებს - რაც ხელს შეუშლის ისრაელის შესაძლებლობას, ბოლომდე გაანადგუროს ეს ტერორისტული დაჯგუფება. ისტორიკოსები კი კიდევ წლების განმავლობაში იმსჯელებენ იმ კონფლიქტის გაკვეთილებზე, რომელზეც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა და რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 13 ამერიკელისა და 3 000-ზე მეტი ირანელის სიცოცხლე შეეწირა.
ეს კომბინაცია - ეკონომიკური ქაოსი და ნავთობის ბაზრების პარალიზება - არის ზუსტად ის, რასაც ირანელები ომის პირველივე დღეებიდან თავიანთ ყველაზე ძლიერ იარაღად განიხილავდნენ. მათ ეს ჩანაფიქრი ზუსტად განახორციელეს: ჩაკეტეს სრუტე და ააფეთქეს ნავთობქიმიური ობიექტები, ქარხნები, სასტუმროები და სამხედრო-საჰაერო ბაზები მთელ ყურეში. თავად პრეზიდენტის აღიარებით კი, ამ ტაქტიკამ გაამართლა.
ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, შეძლებს თუ არა ბოლოს და ბოლოს ტრამპი უფრო მეტი მიღწევის მიწერას საკუთარ თავზე. თუ მომდევნო ეტაპის მოლაპარაკებებზე ის მოახერხებს და ირანელებს აიძულებს, ქვეყნიდან გაიტანონ ბირთვული საწვავის მარაგი და თითქმის ორი ათწლეულით შეაჩერონ ურანის გამდიდრების ყოველგვარი აქტივობა, მაშინ მას, შესაძლოა, მიეცეს საფუძველი, ეს გრძელვადიან გამარჯვებად გამოაცხადოს.
თუ აღმოჩნდება, რომ ომმა ირანის ხელმძღვანელობის დესტაბილიზაცია გამოიწვია, პროტესტებსა და აჯანყებას დაუდო სათავე - როგორც ამას ტრამპი კონფლიქტის დასაწყისშივე მოითხოვდა - მაშინ მას ნამდვილად ექნება საფუძველი, ეს წარმატება საკუთარ თავს მიაწეროს.
თუმცა, ამჟამად ისეთი პირი უჩანს, რომ სრულიად საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს. ტრამპმა, პირიქით, ხელი შეუწყო ახალი ხელმძღვანელობის განმტკიცებას, რომელსაც ფორმალურად სათავეში უდგას ახალი უზენაესი ლიდერი - დაჭრილი და საზოგადოების თვალთახედვიდან გამქრალი მოჯთაბა ხამენეი, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი.