თეთრი სახლის სპიკერი: პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას არ ეშინია სამხედრო ვარიანტის გამოყენების მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის - ეს ირანზე უკეთ არავინ იცის

კეროლაინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია.

ლევიტის თქმით, ტრამპი ყოველთვის ინარჩუნებს მოქმედების სხვადასხვა გზას და გამონაკლისი არც ირანთან მიმართებით არსებული ვითარებაა.

„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად ახერხებს ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვას. საჰაერო დარტყმები არის იმ მრავალი შესაძლებლობიდან ერთ-ერთი, რომელსაც ის განიხილავს“, - აღნიშნა პრესმდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლევიტმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მზადყოფნის მიუხედავად, ტრამპისთვის „დიპლომატია ყოველთვის პირველი არჩევანია“.

პრესმდივნის თქმით, ის, რასაც ირანის რეჟიმი საჯაროდ აცხადებს, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ შეტყობინებებისგან, რომლებსაც ადმინისტრაცია მათგან კერძო არხებით იღებს.

„პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას არ ეშინია სამხედრო ვარიანტის გამოყენების მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის. ეს ირანზე უკეთ არავინ იცის“, - დასძინა კეროლაინ ლევიტმა.