1769265389
თეთრი სახლი: დონალდ ტრამპმა დავოსში ევროპას „დიპლომატიის მასტერკლასი“ ჩაუტარა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში ევროპას „დიპლომატიის მასტერკლასი“ ჩაუტარა, - ასე შეაფასა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა და ევროპის კრიტიკა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა.
ტელეკომპანია Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში მილერმა ევროპის სუიციდზე ტრამპის პათოსი გააგრძელა და განაცხადა, რომ ევროპა ნელ-ნელა თავს იკლავს.
„ევროპა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებით ნელ-ნელა საკუთარ თავს ანადგურებს. ევროპა შეიარაღებულ ძალებში ინვესტიციებს წლების განმავლობაში არ დებდა და საკუთარი თავდაცვის სუბსიდირებისთვის შეერთებულ შტატებს იყენებდა. დავოსში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვნახეთ საოცარი მასტერკლასი დიპლომატიაში, სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში, ლიდერობაში. მისი კრიტიკა ევროპის მიმართ დავოსის გამოსვლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რაც კი პრეზიდენტმა ამ კონტინენტზე გააკეთა. გგონიათ, რომ რუსეთს ნატოს ქვეყნების უმეტესობის ეშინია? გგონიათ, რომ რუსეთს ევროპის უმეტესი ქვეყნების ეშინია? არსებობს ერთადერთი მოთამაშე მსოფლიოში, ვისიც რუსეთს ეშინია და პატივს სცემს: შეერთებული შტატები“, - თქვა მილერმა.











