„ტელეგრაფი“: უკრაინამ დონბასის საზღვრების შეცვლის შესახებ აშშ-ის ახალი წინადადება უარყო

უკრაინამ დონბასის საზღვრების შეცვლის შესახებ აშშ-ის ახალი წინადადება უარყო

უკრაინამ უარყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი წინადადება, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დონბასში ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც რუსეთს დონბასის მთელ რეგიონზე კონტროლის გამოცხადების შესაძლებლობა მიეცემოდა, თუმცა უკრაინა შეინარჩუნებდა ქალაქებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს.

„ტელეგრაფის“ ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება რუსეთის მოთხოვნა, უკრაინამ დათმოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაახლოებით 5 180 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, რომლის დაკავებაც რუსეთის არმიამ ვერ შეძლო.

ამასთან, გამოცემის წყარო, რომელიც უკრაინის დელეგაციის პოზიციას იცნობს, აცხადებს, რომ კიევი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას არ განიხილავს და მათზე მოსკოვის კონტროლს არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად არ აღიარებს.

ცნობისთვის, ეს ინფორმაცია ვრცელდება აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე. პირველი შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართა, ხოლო 11 ნოემბერს მოლაპარაკებები გაგრძელდა. მხარეებს შორის ერთ-ერთ მთავარ სადავო საკითხად კვლავ ტერიტორიები და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რჩება.

✕