7 ადგილი სახლში, სადაც ტელევიზორი არ უნდა დადოთ
1747944367
თუ გაღელვებთ, რომ რომელიმე წიგნის დამთავრებას მეტისმეტად დიდ დროს მოუნდით, ამ ამერიკელი მკითხველების გაცნობა ალბათ განუგეშებთ. ტეხასის შტატის დედაქალაქში, ოსტინში, წიგნის კლუბი უკვე ათწლეულზე მეტია, ერთსა და იმავე ნაწარმოებს კითხულობს, მაგრამ ჯერ ბოლოშიც კი არ გასულან.
საუბარია ირლანდიელი მწერლის, ჯეიმზ ჯოისის, 1939 წელს გამოქვეყნებულ სქელტანიან რომანზე ფინეგანის სამძიმარი. თითქმის 700-გვერდიან ექსპერიმენტულ ნაწარმოებს, რომელიც წინადადების ფრაგმენტებით იწყება და სრულდება, სიუჟეტური ხაზი და ფაბულა, ფაქტობრივად, არ აქვს, ტექსტში კი რამდენიმე ენაა გამოყენებული. ერთ-ერთ ყველაზე რთულად საკითხავ ავტორად მიჩნეული ჯოისისთვის ეს ბოლო რომანი იყო, რომელიც დღეს უკვე კლასიკადაა აღიარებული.
ტეხასში შექმნილი წიგნის კლუბი კი ამ კლასიკის გაგებას უკვე 12 წელია, ცდილობს. მეტიც, კლუბი საგანგებოდ ამ წიგნის წასაკითხად შეკრებილა. დამფუძნებელი პიტერ კვადრინოს ხელმძღვანელობით, მკითხველები ყოველკვირეულად ხვდებიან და, არც მეტი, არც ნაკლები, 1 გვერდს კითხულობენ.
შეკრება ერთმანეთის მოკითხვით იწყება, მერე კლუბის წევრები წრიულად სხდებიან და კითხვას შეუდგებიან ხოლმე. თითოეული მხოლოდ ორ წინადადებას კითხულობს, გვერდის ჩამთავრების შემდეგ კი ისინი წაკითხულის განხილვას იწყებენ და ტექსტიდან აზრის გამოტანას ერთად ცდილობენ.
"თავიდან, ყოველ შეხვედრაზე ორ-ორ გვერდს ვკითხულობდით", — იხსენებს პიტერი, — "ერთხელაც, გვერდებზე იმდენი რამ მოხდა და იმდენხანს გაგვიგრძელდა განხილვა, რომ გადავწყვიტეთ, რაოდენობა შეგვემცირებინა".
პიტერის დაფუძნებული წიგნის კლუბი მსოფლიოში ერთადერთი როდია, რომელიც მხოლოდ ფინეგანის სამძიმრის საკითხავად შეიქმნა. ჯოისის ამ უცნაური ნაწარმოების გასაგებად ლიტერატურის მოყვარულები იკრიბებიან ნიუ-იორკში, დუბლინში, კიევში და კიდევ არაერთ სხვა ქალაქში.
"ჯოისისადმი მიძღვნილ კონფერენციებზე ექვს სხვადასხვა ქვეყანაში გამოვსულვარ და ასე მსოფლიოში უამრავი მეგობარი შევიძინე", — ამბობს კვადრინო.
კლუბის წევრებს კი რომანის დასრულება სულაც არ ეჩქარებათ. როგორც ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანი კითხვის პროცესია და არა — ბოლოში გასვლა.
"არც კი მიფიქრია, რა უნდა ვქნათ, როცა დავასრულებთ. არ მინდა, მოვრჩეთ", — აღნიშნავს კლუბის ხელმძღვანელი, — "რომ მოვრჩებით, ალბათ ისევ წრეს შევკრავთ და კითხვას თავიდან დავიწყებთ".