სტივ უიტკოფს, სავარაუდოდ, X-ი პირად მიმოწერაში აერია და რუსეთ-უკრაინას შორის ახალი სამშვიდობო გეგმის Axios-ის წყარო გაამხილა

სტივ უიტკოფი

ტრამპის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმის შესახებ Axios-ის პუბლიკაციის შემდეგ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გამოცემის ჟურნალისტმა ის, სავარაუდოდ, კ.-სგან მიიღო. შემდეგ მან თავისი ტვიტი სწრაფად წაშალა.

უიტკოფის ტვიტი ერთ-ერთმა პირველმა ჟურნალისტმა მაიკლ ვაისმა შეამჩნია, შემდეგ კი The Daily Beast-მა. უიტკოფი თავისი ტვიტით Axios-ის ჟურნალისტ ბარაკ რავიდის პუბლიკაციას გამოეხმაურა, რომელშიც ის ომის დასრულების ახალი გეგმის შესახებ მომზადებულ მასალას აზიარებდა. „სავარაუდოდ, მან ეს კ.-სგან მიიღო“, - დაწერა უიტკოფმა. დასავლელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ „კ.“ რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევია.