ნანიკო ხაზარაძე გია ჯაჯანიძესთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1780429644
სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან ასევე გააკრიტიკა კიევისთვის ყოველგვარი გამარტივებული პროცედურების შეთავაზების იდეა.
სლოვაკეთის პრეზიდენტის თქმით, მთავარ პრიორიტეტად უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულება უნდა დარჩეს.
მისი ხედვით, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობის მიღწევის შემდეგ შეიძლება დაიწყოს არსებითი მსჯელობა ევროკავშირისკენ უკრაინის შემდგომ ნაბიჯებზე.
"პრიორიტეტი უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური საშუალებებით დასრულებას უნდა მიენიჭოს; ეს უნდა იყოს მთავარი პირობა იმ რეალურ ნაბიჯებზე სასაუბროდ, რომლებიც უკრაინას ევროკავშირის წევრობასთან დააახლოებს," - განაცხადა პელეგრინიმ.
ამავდროულად, ის ეწინააღმდეგება უკრაინისთვის რაიმე სახის გამონაკლისის დაშვებას ან გაწევრიანების დაჩქარებული მექანიზმების გამოყენებას.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არ უნდა გახდეს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით სპეციალური პირობების მინიჭების საფუძველი.
მისი აზრით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა წლები დახარჯეს რთული რეფორმების განხორციელებაზე და ევროკავშირისკენ გრძელი გზა გაიარეს, უკრაინისთვის წესების შეცვლა კი რეგიონისთვის ნეგატიური სიგნალი იქნება.
"ვერცერთი ქვეყანა, რაც უნდა რთულ ვითარებაში იმყოფებოდეს, ვერ მიიღებს პრივილეგიებს მხოლოდ ამ მდგომარეობის - მაგალითად, ომის გამო, დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც რეფორმების მართლაც გრძელი და რთული გზა გაიარეს," - აღნიშნა მან.
პელეგრინიმ ასევე განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის ასოცირებული ან ნაწილობრივი წევრობის იდეას. ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფართოების პროცესს აქვს მკაფიო წესები, რომლებსაც გამონაკლისის გარეშე ყველა კანდიდატმა უნდა უერთგულოს.
"თუ უკრაინა ოდესმე, მომავალში, შეასრულებს ამ წესებსა და პირობებს, სლოვაკეთი მხარს დაუჭერს მის გზას ევროკავშირის წევრობისკენ, თუმცა სლოვაკეთი მხარს არ დაუჭერს გვერდის ავლით სიარულს ან რაიმე სახის ფავორიტიზმს სხვების ხარჯზე," - განმარტა სლოვაკეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე ეჭვი გამოთქვა ევროკავშირის იმგვარ გაფართოებაზე, რომელიც მოიცავს ქვეყანას, სადაც ამჟამად ომი მიმდინარეობს.
"ვერ წარმომიდგენია ევროკავშირის გაფართოება ისეთი ქვეყნით, რომელიც ამჟამად ომშია რუსეთის ფედერაციასთან და რომელსაც თავს დაესხა რუსეთის ფედერაცია, რადგან ეს, ამავდროულად, ნიშნავს ომის გადმოტანას ევროკავშირის გარეთა საზღვრებიდან მის შიგნით," -განაცხადა მან.