შეგვიძლია, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ესა თუ ის ზომა მივიღოთ, თუმცა არიან ნეგატიური ძალები, რომლებიც ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომლებიც არ მოხდება - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის კრიტიკოსები „ძალიან ნეგატიურ ძალებს“ შეადარა, რომლებიც, მისი თქმით, ისეთ სცენარებზე საუბრობენ, რომლებიც არ განხორციელდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთს ვუსწრებთ. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მსურს, ასე დარჩეს, რადგან ვინც ხელოვნური ინტელექტის სფეროში გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპს კითხვა დაუსვეს, უნდა შეანელოს თუ არა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიამ განვითარება ან უნდა გამკაცრდეს თუ არა მისი რეგულირება.

„შეგვიძლია, გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ. შეგვიძლია, ესა თუ ის ზომა მივიღოთ. თუმცა, ვფიქრობ, არიან ძალიან ნეგატიური ძალები, რომლებიც ისეთ საკითხებს წამოჭრიან, რომელთა წამოჭრაც არ უნდა ხდებოდეს და ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომლებიც არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის შესახებ საჯარო დისკუსიები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ენობრივი მოდელის, Claude-ის შემქმნელი კომპანია Anthropic-ის ორმა მკვლევარმა განაცხადა, რომ სწრაფად განვითარებულმა ტექნოლოგიამ შესაძლოა, კაცობრიობის გადაშენება გამოიწვიოს.

მკვლევრების გაფრთხილებების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი მოდელების განვითარების ტემპის შენელების ინიციატივით გამოვიდა.

კომპანია Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ განვითარების ტემპის შენელებისა და ხელოვნური ინტელექტის რისკების მართვისთვის მეტი დროის გამონახვის მიზნით, სამსაფეხურიანი ჩარჩო წარადგინა. ინიციატივას მალევე შეუერთდა ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი, მათ შორის ილონ მასკი და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი.