სერგეი შოიგუ: უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს

სერგეი შოიგუ პეკინში ჩავიდა

უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ ეკატერინბურგში გამართულ თათბირზე განაცხადა.

„სულ ცოტა ხნის წინ ურალი მიუწვდომელი იყო უკრაინის ტერიტორიიდან საჰაერო დარტყმებისთვის, ხოლო დღეს უკვე უშუალო საფრთხის ზონაშია“, – განაცხადა შოიგუმ.

როგორც შოიგუმ აღნიშნა, ურალი ასევე გამოირჩევა ფართო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის მსხვილი სარკინიგზო მაგისტრალებითა და ფედერალური მნიშვნელობის ავტომაგისტრალებით.

„მათი მწყობრიდან გამოყვანამ შეიძლება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მოიტანოს, არამედ გამოიწვიოს დიდი აგლომერაციების ცხოვრების დესტაბილიზაციაც, მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, მათ შორის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უზრუნველყოფს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

ამასთან, 27 ნოემბერს ეკატერინბურგსა და სვერდლოვსკის ოლქში პირველად გამოცხადდა სარაკეტო საფრთხის რეჟიმი.

„აქ კონცენტრირებულია თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის სტრატეგიული საწარმოები, ენერგეტიკის, ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ასევე უმსხვილესი ნავთობისა და გაზის საბადოები“, – ციტირებს შოიგუს „ინტერფაქსი“.

შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს თითქმის ოთხჯერ გაიზარდა უკრაინის მიერ რუსეთის რეგიონებში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო შეტევების რაოდენობა. შოიგუს მონაცემებით, ასეთი შეტევები 23 ათასს აღწევს.