სამშობიაროში გაჩენილ ხანძარს 14 ახალშობილი ემსხვერპლა - ტრაგედია პაკისტანში

სამშობიაროში გაჩენილ ხანძარს 14 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მდებარე სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ძლიერ ხანძარს 14 ახალშობილი ემსხვერპლა. მაშველებმა მხოლოდ ერთი ჩვილის გადარჩენა შეძლეს.

ხანძარი „პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის“ (PIMS) დედათა და ბავშვთა ცენტრის მესამე სართულზე, სამშობიარო ბლოკში გაჩნდა. საავადმყოფოს წარმომადგენლის, დოქტორ ანეზა ჯალილის განცხადებით, ხანძრის დროს პალატაში 15 ახალშობილი იმყოფებოდა. 14 მათგანი დაიღუპა, გადარჩენილი ჩვილი კი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კლინიკიდან სულ მცირე 19 ადამიანის, მათ შორის 10 ქალის, 7 ბავშვისა და ორი მამაკაცის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ტრაგედიის ადგილზე პოლიცია და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. სამართალდამცველების განცხადებით, დაღუპული ახალშობილების სხეულები იმდენად მძიმედ არის დამწვარი, რომ მათი იდენტიფიცირება მხოლოდ დნმ-ის ანალიზით იქნება შესაძლებელი. სწორედ ამის გამო ცხედრების მშობლებისთვის გადაცემა იდენტიფიცირების პროცედურის დასრულებამდე ვერ მოხერხდება.

საავადმყოფოსთან შეკრებილი მშობლები დაღუპული შვილების ცხედრების დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვენ.

მომხდარს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფიც გამოეხმაურა. მან შემთხვევას „გამოუსწორებელი ტრაგედია“ უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაუყოვნებლივი გამოძიება დაიწყო. ისლამაბადის საოლქო მაგისტრატმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც შემთხვევის დეტალებისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ანგარიშის მომზადება 24 საათში დაევალა.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია საავადმყოფოს სამშობიარო ბლოკში ხანძარი.