საბოლოოდ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ჩემი აზრით, ეს იქნება ამ ომის საუკეთესო შედეგი, მოთმინება გამოიჩინეთ - ალექსანდრ სტუბი

ალექსანდრ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება მისთვის „წითელი ხაზია“.

როგორც მან „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ევროპის „წითელი ხაზები“ გულისხმობს იმას, რომ ევროპის უსაფრთხოება ევროპის ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ უნდა განისაზღვროს.

„ამასთან, უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ერთ გუნდში ვართ – უკრაინა და ევროპა, უკრაინა და ფინეთი“, – აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, საბოლოო ჯამში, საქმე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებამდე უნდა მივიდეს.

„ასე იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, უკრაინის ღირებულებითი საფუძველი ევროპაშია. რუსეთი ცდილობდა, უკრაინა რუსეთად ექცია, მაგრამ თქვენ აჩვენეთ, რომ ევროპელები გინდათ იყოთ. და არა მხოლოდ ამის გამო, თქვენი გაწევრიანება ჩვენს ინტერესებშია. თქვენ ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული ძალები გყავთ და თანამედროვე ომის წარმოების გამოცდილება გაქვთ“, – განაცხადა სტუბმა.

მისივე თქმით, თუ თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ „ევროპა უკრაინას უნდა დახმარებოდა“, ახლა ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „უკრაინა ეხმარება მას“.

ამასთან, როგორც ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა სწორედ ახლაა გახსნილი.