პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, ტუ-95-მა, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია, რამდენიმე საათის განმავლობაში იფრინა ჩინეთის თვითმფრინავებთან ერთად იაპონიის საზღვრის საიხლოვეს.
იაპონიის სამხედრო უწყების ცნობით, რუსული თვითმფრინავები 9 დეკემბერს საღამოს გამოფრინდნენ იაპონიის ზღვის მხრიდან და აღმოსავლეთ-ჩინეთის ზღვის მიმართულებით გადაადგლდებოდნენ, სადაც ისინი შეხვდნენ ჩინეთის ბომბდამშენებს ეიჩ-9-ებს და წყნარი ოკეანის საჰაერო სივრცეში ერთობლივი ხანგრძლივი ფრენა განახორციელეს.
მოგვიანებით, მათ შეუერთდა ოთხი ჩინური ავიგამანადგურებელი ჯეი-16-ი, რომლებმაც იაპონიის კუნძულებს ოკინავასა და მიაკოს შორის გადაიფრინეს. ამ კუნძულებს შორის არსებული სრუტე საერთაშორისო წყლებად ითვლება.
ამასთან, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ იაპონიის ზღვის საჰაერო სივრცეშიც დააფიქსირა რუსული სამხედრო საჰაერო ძალების აქტივობა, სადაც იმყოფებოდა თვითმფრინავი ა-50 და სუ-30-ის ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, სინძირო კოიძუმიმ რუსული და ჩინური თვითმფრინავების ერთობლივ ფრენას „ძალის აშკარა დემონსტრირება“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს „წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას იაპონიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“. კოიძუმის თქმით, საპასუხოდ მობილიზებული იყო იაპონიის ავიაცია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩინეთის სამხედრო საჰაერო ძალებთან ერთობლივი ფრენა დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს ღონისძიება ჩატარდა პეკინსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში და არ იყო მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.
ცნობისთვის, რუსეთის და ჩინეთის თვითმფრინავების ერთობლივი ფრენა მას შემდეგ განხორციელდა, რაც იაპონიის პრემიერ მინისტრმა სანაე ტაკაიტიმ განაცხადა, რომ ტოკიოს შეუძლია გასცეს პასუხი ჩინეთის მხრიდან ტაივანის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ სამხედრო ქმედებას, თუ ეს ქმედებები აგრეთვე დაემუქრება იაპონიის ეროვნულ უსაფრთხოებას.