1728334168
რუსეთში პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს, გამოიყენოს არმია საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად
რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას, გამოიყენოს არმია საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების„ექსტერიტორიულ“ გამოყენებას რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით საზღვარგარეთ, პირველი მოსმენით დაამტკიცეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს ცვლილებებს კანონებში „მოქალაქეობის შესახებ“ და „თავდაცვის შესახებ“.
კანონპროექტის ინიცირება სახელმწიფო დუმაში 19 მარტს მოხდა. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ეს ნორმა შემუშავებულია რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც მათ საზღვარგარეთ დააკავებენ ან თუ ისინი სხვა სახის დევნას დაექვემდებარებიან.
რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო „ექსტერიტორიული“ გამოყენების გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.












