რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები და 90-მდე დრონი გამოიყენა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები და 90-მდე დრონი გამოიყენა

რუსეთმა გვიან ღამით უკრაინაზე იერიში მიიტანა. რუსმა სამხედროებმა ორი ბალისტიკური რაკეტა და 90-მდე „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინულმა მხარემ 56 დრონის ჩამოგდება შეძლო.

თავდასხმის შედეგად ხარკოვის ოლქში, სულ მცირე, რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდია.

ამასთან, სლობოდსკოი რაიონში რუსულმა მხარემ იერიში ტროლეიბუსების პარკზე მიიტანა, რის შედეგად 18 ტროლეიბუსი დაზიანდა, ერთი განადგურდა, დაშავებულია ორი ადამიანი.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, დაზიანდა 33 საცხოვრებელი სახლიც.

უპილოტო საფრენი აპარატებით ოდესის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა ფოსტაში, რომელიც 300 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. დაზიანდა ახლოს მდგარი სატვირთო მანქანები, მომხდარს მსხვერპლი და დაშავებული არ მოჰყოლია.