რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და მარწყვის იმპორტი აკრძალა

რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და მარწყვის იმპორტი აკრძალა

რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა 30 მაისიდან რუსეთში სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შეტანაზე „დროებითი შეზღუდვები“ დააწესა.

„გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთში სომხური ხილ-ბოსტნეულის მიწოდებისას გახშირებული დარღვევების გამო და ქვეყნის ფიტოსანიტარული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიის ფიტოსანიტარულ მდგომარეობას,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ 21-27 მაისს „როსსელხოზნადზორმა“ სომხურ საწარმოებში ინსპექტირება ჩაატარა, რომლის დროსაც დარღვევები აღმოაჩინა. კერძოდ, სათბურებში საკარანტინო ობიექტების არსებობა. უწყების მტკიცებით, სომხეთიდან ბოსტნეულის დიდი ნაწილი რუსეთში შედის კომპანიების მეშვეობით, რომელთა „საკუთრების ფორმა უცნობია“ და რომლებიც თავს არიდებენ საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლის გავლას.

ცნობისთვის, ბოლო კვირებში მოსკოვმა უკვე დაიწყო სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება. მანამდე რუსეთმა აკრძალა სომხეთიდან ყვავილების, მინერალური წყლისა და სამი მწარმოებლის ალკოჰოლური სასმელების შეტანა.