რა უნდა ვიცოდეთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შესახებ - დეტალები
1761845772
რუსეთმა კომბინირებული იერიშის დროს 650-ზე მეტი დრონი და 50-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, დრონებისა და რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა იყო დარტყმებიც, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად ახალი ნაბიჯებია გადასადგმელი.
„რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს სიცოცხლის წინააღმდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშვიდობიან მოსახლეობაზე ასეთი საზიზღარი თავდასხმა რუსეთს უკან ბუმერანგივით კონკრეტული შედეგებით – სანქციებითა და რეალური ზეწოლით დაუბრუნდეს. ვიმედოვნებთ, ამერიკა, ევროპა და დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები არ უგულებელყოფენ მოსკოვის განზრახვას, ყველაფერი გაანადგუროს. ახალი ნაბიჯებია საჭირო ზეწოლის გასაძლიერებლად რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე, მის ფინანსურ სისტემაზე და მეორადი სანქციების გზით მათზე, ვინც ამ ომს აფინანსებენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე და მადლობას უხდის ყველას, ვინც მშვიდობისთვის იბრძვის.
ამასთან, ზაპორიჟიეში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვი. ზაპოროჟიეზე თავდასხმა 20 დრონით და 8 რაკეტით განხორციელდა. უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმა განხორციელდა ვინიცის რეგიონზეც, სადაც დაბომბვას შვიდი წლის ბავშვი ემსხვერპლა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები. რეგიონის საჰაერო სივრცეში ოთხმოცდაათი დრონი და ოცზე მეტი ფრთოსანი რაკეტა აღმოაჩინეს.