1761855398
TikTok‑ზე პოპულარული ტრენდის შესახებ ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ და რისკებზე საუბრობენ
ბოლო თვეებში TikTok‑ზე უცნაური ტრენდი გავრცელდა, სადაც ადამიანებს ურჩევენ, ღამით პირი სპეციალური, წებოვანი ლენტით დაიწებონ, რათა ცხვირით უკეთესად ისუნთქონ.
სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა ეს ტრენდი ვირუსულად აიტაცა. სუნთქვის პრობლემის მქონე მოქალაქეებმა მიიჩნიეს, რომ ეს იყო იაფი და ხელმისაწვდომი გზა ძილის გასაუმჯობესებლად. ბევრმა ადამიანმა ექსპერიმენტი ექიმთან კონსულტაციის გარეშეც ჩაატარა.
ცხადია, იდეა მარტივია: მხოლოდ ცხვირით სუნთქვა აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ხვრინვას და ხელს უშლის ყელის გამოშრობას.
თუმცა, ექიმები განმარტავენ, რომ პირზე ლენტის დადება ბევრ შემთხვევაში, შეიძლება, საფრთხის შემცველი იყოს.
კვლევამ, რომელშიც 213 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ამ მეთოდის ეფექტურობა უმნიშვნელოა და ფართო მასებისთვის არ არის დადასტურებული.
„იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ასთმა, ალერგია, ცხვირის გამრუდება, პოლიპები, შესაძლოა, ამ მეთოდის ცდა სიცოცხლისთვის სახიფათოც იყოს, რადგან პირის წებოვანი ლენტით აკვრა იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას, სუნთქვის შეზღუდვას და კიდევ უფრო ღრმა პრობლემებს. გარდა ამისა, წებოვანმა ლენტმა შესაძლებელია კანის გაღიზიანება გამოიწვიოს“, - განმარტავენ სპეციალისტები.
ექიმები მოუწოდებენ საზოგადოებას - არ აჰყვნენ ტრენდს, რომელიც სიცოცხლის რისკის შემცველია. ხოლო მათ, ვისაც ღამით უძილობა აწუხებს, ხვრინავს ან პოლიპები აწუხებთ, უსაფრთხო ალტერნატიულ მეთოდს უზიარებენ.
მათივე რჩევით, მსგავსი პრობლემების დროს სასურველია ძილის პოზის შეცვლა. მეტი ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი.
ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, სოციალური მედია არ უნდა გახდეს პირადი ჯანმრთელობის ექსპერიმენტის ძირითადი საშუალება. ჯანსაღი ძილი და უსაფრთხო მიდგომები მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.












