კალიფორნიაში ღორები გალურჯდნენ - უცნაური შემთხვევა, რომელმაც ფერმერები შეაშფოთა

ღორი

უცნაური შემთხვევა კალიფორნიაში - ველური ღორები ლურჯი ფერის გახდნენ. ფაქტმა ფერმერები, გარემოს დამცველები და ადგილობრივი ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო. შემთხვევა ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაფიქსირდა, სადაც ღორების პოპულაცია საკმაოდ დიდია.

ადგილობრივებმა შენიშნეს, რომ ქუჩებსა და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე მოსიარულე ღორებს ბეწვზე და კანზე ლურჯი ელფერი დაჰკრავდა. 

ფაქტმა ფერმერები და მოსახლეობაც შეაშფოთა, რადგან ღორის ხორცის ლურჯი შეფერილობა, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ადამიანებს ან თუნდაც სხვა ცხოველებს.

გარემოს დამცველებმა (CDFW) მოსახლეობას მოუწოდეს -  მოერიდონ ღორებს, არ შეეხონ მათ და თუ შეამჩნევენ მათ უცნაურ ქცევას ან შეფერილობას დაუყოვნებლივ შეატყობინონ ველური ბუნების ლაბორატორიას.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფენომენი დაკავშირებული იყო ადამიანურ საქმიანობასთან. კერძოდ, გაირკვა, რომ ადგილობრივმა წყალმომარაგებისა და გარემოს დაცვის სამსახურებმა იმ პერიოდში ბაღებში და სამეურნეო ტერიტორიებზე მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატები გამოიყენეს.

პრეპარატი დიფაცინონი, რომელსაც სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ მღრღნელების გასანადგურებლად, პირველი თაობის როდენტიციდია. ის სისხლის გამათხელებელ ეფექტს ახდენს და სერიოზულ შიდა სისხლდენას იწვევს.

მტაცებლები, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ასეთი მოწამლული ცხოველის ხორცს მიირთმევენ, შეიძლება თავად დაავადდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დიფაცინონი მეორე თაობის როდენტიციდებთან შედარებით სწრაფად იშლება, ის მკვდარი ცხოველის ქსოვილებში გარკვეული დროის განმავლობაში მაინც რჩება აქტიური, თუნდაც ხორცის მოხარშვის შემდეგ.

ექსპერტების შეფასებით, მნიშვნელოვანია ადამიანის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი. სპეციალისტები უწყებებს მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ ტექნოლოგიური და ქიმიური ნივთიერებების ბუნებრივ გარემოში გავრცელებას, რათა თავიდან აირიდონ მსგავსი შემთხვევები.

მათი შეფასებით, პესტიციდები საფრთხეს უქმნიან ადამიანებსაც. მათი ორგანიზმში მოხვედრა სახიფათოა და იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის პრობლემებს, როგორიცაა: სპერმის ხარისხის შემცირება, დიაბეტი, სხვადასხვა ტიპის სიმსივნე და ა.შ.

სპეციალისტების ნაწილი კი ვარაუდობს, რომ საღებავის გავლენა დროებითია და ღორები ნელ-ნელა დაბრუნდებიან ჩვეულებრივ ფერზე.