რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაზე დარტყმისთვის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ექსპერიმენტული რაკეტა „ორეშნიკი“, უკრაინის მიერ ნოვგოროდში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე 9 იანვარს მიტანილ იერიშზე საპასუხოდ გამოიყენეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაზე იერიში განხორციელდა საზღვაო და სახმელეთო ბაზების მაღალი სიზუსტის მქონე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით. მათ შორის სარაკეტო კომპლექს „ორეშნიკით“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ამ იერიშის სამიზნე გახდა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტები.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ მის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ამბობენ, რომ, მათი ინფორმაციით, კიევს არც პირადად პუტინზე და არც მის რეზიდენციაზე თავდასხმა არ განუხორციელებია. შემდეგ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი მიიწვია და პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის გაშიფრული მონაცემები გადასცა. მონაცემების შესწავლის შესახებ აშშ-ის მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.