რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვეღარ მიაღწევს - კიტ კელოგი

კით კელოგი

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვეღარ მიაღწევს, – ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა იალტის ევროპული სტრატეგიის 21-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კელოგის თქმით, უკრაინელებს რუსეთთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვთ.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინელები უპილოტო აპარატების წარმოებაში მსოფლიო ლიდერები გახდნენ და მნიშვნელოვნად გაუსწრეს შეერთებულ შტატებს. ამის მიუხედავად, კელოგი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიპლომატიურ სტრატეგიას შეუძლია ომის დასრულება.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჰყავს ძლიერი არმია, მაგრამ ის ისეთი ძლიერი არ არის, როგორც თავად რუსები გვარწმუნებენ. უკრაინელებმა უკვე მოახერხეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალის მნიშვნელოვნად შემცირება და შესაბამისად, უკრაინის დამარცხებაზე საუბარი აღარ არის. პრეზიდენტ ტრამპს ერთი-ერთზე დიპლომატიის სჯერა. მაშინაც კი, თუ ადამიანებს ერთმანეთი სძულთ, მათთან უნდა ისაუბროთ და ერთმანეთის გაგების გზა იპოვოთ. შეიძლება, ეს არ მოგეწონოთ, მაგრამ მცდელობაზე უარი არ უნდა თქვათ“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

მისივე განცხადებით, ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერის სრული შეწყვეტა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ძალიან სწრაფ შეჩერებას გამოიწვევდა.

„რუსეთი ახლა ჩინეთის უმცროსი პარტნიორი გახდა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთს ეკონომიკური უპირატესობა აქვს რუსეთთან შედარებით, ასევე სამხედრო ძალით და ისტორიულადაც კი. მეტსაც ვიტყვი, თუ ჩინეთი მთლიანად შეწყვეტს რუსეთისთვის დახმარებას, ეს ომი ხვალ დასრულდება“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.