რა კავშირი არსებობს უკრაინიდან „ჰექსოგენის“ შემოტანასა და ოპოზიციის 4 ოქტომბრის გეგმებს შორის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება

ფოტო

 რა კავშირი არსებობს უკრაინიდან "ჰექსოგენის" შემოტანასა და ოპოზიციის 4 ოქტომბრის გეგმებს შორის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება. ოპერატიული მასალებით დგინდება, რომ საშიში ასაფეთქებელი ტვირთის საბოლოო ლოკაციად თბილისი, კერძოდ კი ავლაბარში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო განსაზღვრული, თუმცა სუსი დამატებით სხვა გარემოებებსაც სწავლობს - საუბარია სტატიაზე, რომლის მიხედვითაც კვალი ბაჩო ახალაიამდე მიდის. ინფორმაცია უკვე გახდა უსაფრთხოების სამსახურის ინტერესის საგანი.

ბაჩანა ახალაიასთან ერთად, "პრაიმტაიმი" გია ლორთქიფანიძეზეც, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და უკრაინის ხელისუფლების მოქმედ მაღალჩინოსანზეც წერს. გამოცემის ცნობით, სწორედ უკრაინის სპეცსამსახურებთან იყო კავშირზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "ჰექსოგენის" ტრანსპორტირებას კი კოორდინაციას ლორთქიფანიძე უწევდა. ყოფილ ძალოვნებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშავდებოდა ოთხ ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმა. შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი იყო შერჩეული. დანაშაულებრივ სქემაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია პრაიმტაიმს ამავე პარტიის რიგებიდან, კონკრეტულმა წყარომ მიაწოდა, რაც ახალაიას მეუღლემ, ანი წითლიძის "ფეისბუკ" პოსტის კომენტარებშიც დაადასტურა. მოგვიანებით კი ანი ნადარეიშვილმა კიდევ ერთ პოსტი დაწერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ოპოზიციიდან ინფორმაცია გააქვთ. ის ხელს ჯერ არავის ადებს, თუმცა ღიად აკეთებს მინიშნებებს.

30 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ბრიფინგი ნამდვილად ჩატარდა. ის სწორედ 4 ოქტომბრის გეგმებს ეხებოდა.

თინა ბოკუჩავა დღეს ამბობს, რომ არ იცის, რას გულისხმობს ბაჩო ახალიას მეუღლე, როდესაც წერს, რომ ოპოზიციის ლიდერშიპიდან, კონკრეტულ პირები ინფორმატორები არიან.

კითხვებს უპასუხეს "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებმაც, რომლებიც არ გამორიცხავენ, რომ მათი პარტიის წევრებს, შესაძლოა ბაჩო ახალიასთან კონტაქტიც ჰქონდეთ.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბაჩო ახალაია გეგმის სისრულეში მოსაყვანად სახლში პარლამენტის შენობის დიდ მაკეტსაც ინახავდა, იმისთვის რომ პიკეტირების გეგმა თანამზრახველებისთვის დეტალურად გაეცნო. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები და უკრაინული კვალი უცხო არ არის. იხსენებენ, რომ სწორედ გია ლორთქიფანიძე ფიგურირებდა წინასაარჩევნოდ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ შემოსვლის საქმეში. უმრავლესობა ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხს გასცემს სუსი, რომელმაც 4 ქვეყნის გავლით, "ჰექსოგენის" ტრანსპორტირების საქმის გამოძიებით, ტერაქტის პრევენცია უკვე მოახდინა.

"ჰექსოგენის" საქმეზე დაკავებულ უკრაინის ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. ერთი დუმს, თუმცა მეორე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ჩვენების მიხედვით, მას ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის, "ეს ბე უს" თანამშრომლებმა გადასცეს და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა, შემდეგ კი კონკრეტული პირისთვის გადაეცა.

დაკავებული ჰყვება, რომ "ჰექსოგენი" რუსეთის ფედერაციაში უნდა ჩასულიყო, სადაც უნდა მოწყობილიყო "პაუტინა ორი", თუმცა გამოძიებისა და სხვა ოპერატიული მასალებით ირკვევა რომ ტვირთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თბილისი იყო.