1785875141
რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არის მსხვერპლი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 12 დაშავდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ობოლონსკის, დესნიანსკის და სვიატოშინსკის რაიონებში საწყობები იწვის.
„ხანძარი საწყობებში დიდ ფართობზე გაჩნდა. გოლოსიევსკის რაიონში ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
ამასთან, გოლოსიევსკის რაიონში სამუშაოები ასევე გრძელდება ამიაკის გაჟონვის ადგილზე. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 300 ლიტრი ნივთიერების შემცველი ავზი. მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.










