1785859952
დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაში ჩაიჭრა და გამომცდელს ფული შესთავაზა
პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და ჩაჭრას ექვემდებარებოდა, ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა. გამომცდელმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე, ელექტრონულ ბაზაში დააფიქსირა უარყოფითი შედეგი და მომხდარის შესახებ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებმა, გადაუდებელი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,ქრთამის მიმცემი პირი ბრალდებულად დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.










