პროკურატურა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1769603827
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა ნატოს ახლებურად გააზრება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ნატო უნდა შეიცვალოს, რათა ევროპელმა პარტნიორებმა რადიკალურად გაზარდონ თავიანთი ინვესტიციები თავდაცვის შესაძლებლობებში და რეალური როლი შეასრულონ და არა უბრალოდ „უმნიშვნელო“ კონტინგენტის განლაგება უზრუნველყონ, რომელიც მაინც აშშ-ის მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.
„მისი [ნატოს] ახლებურად გააზრების მიზეზი ის კი არ არის, რომ მისი მიზანი იცვლება, არამედ ის, რომ მისი შესაძლებლობები უნდა იყოს ხელახლა გააზრებული“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ნება მომეცით, ეს მაგალითის სახით აგიხსნათ. ბევრს საუბრობენ უსაფრთხოების გარანტიებზე და ეს არის საკითხი, რომელზეც უკრაინის შემთხვევაში ახლა ზოგადი თანხმობა არსებობს. მაგრამ უსაფრთხოების ეს გარანტიები, ძირითადად, გულისხმობს ევროპული ჯარების მცირე კონტინგენტის - უპირატესად ფრანგული და ბრიტანული ძალების - განლაგებას და შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერას. სინამდვილეში კი, უსაფრთხოების გარანტია სწორედ აშშ-ის მხარდაჭერაა. მე არ ვაკნინებ იმ ფაქტს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზად არის განათავსოს ჯარები ომისშემდგომ უკრაინაში. მე უბრალოდ იმას აღვნიშნავ, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამას აზრი არ აქვს“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ის ასეთი ძლიერი მხარდაჭერა იმიტომ არის საჭირო, რომ „ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებში საკმარისი ინვესტიცია არ განუხორციელებიათ“.
„ახლა, იმედია, ეს შეიცვლება. იმედია, ეს უკვე იცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში, ეს უკვე შეიცვალა კიდეც. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ბრძოლისუნარიანები იქნებიან, განსაკუთრებით კი... და აი რეალობა, გვინდა თუ არა მისი აღიარება: ჩვენ [აშშ-ს] ინტერესები მთელ მსოფლიოში გვაქვს. ... რაც უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენი პარტნიორები ნატოში, მით უფრო მეტი მოქნილობა ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ჩვენი ინტერესების დასაცავად. ეს არ არის ნატოს მიტოვება, ეს 21-ე საუკუნის რეალობაა და სამყარო იცვლება“, - დასძინა მან.