რუბიო: მოლაპარაკებები უკრაინაში ომზე „დონეცკზე ტერიტორიულ პრეტენზიამდე“ დავიდა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ „ტერიტორიული პრეტენზია დონეცკზე“ მთავარი დარჩენილი საკითხია უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„ვიცი, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხზე ორივე მხარის შეხედულებების შეჯერება. ეს კვლავაც რჩება გადაულახავ ბარიერად“, - განუცხადა მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის კანონმდებლებს.

„აზრთა სხვაობა კვლავ რჩება, თუმცა, სულ მცირე, ჩვენ შევძელით საკითხთა წრის ერთ ცენტრალურ თემამდე დაყვანა. ეს, სავარაუდოდ, ძალიან რთული საკითხი იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით გრძელდება“, - აღნიშნა რუბიომ.