რომის პაპმა პირობა დადო, რომ ავტოკრატი არ იქნება

პაპი ლეო

ვატიკანში რომის ახალი პაპის - ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა.

ქადაგებისას პაპმა მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას და არ იქნება ავტოკრატი. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის მისიას „შიშითა და თრთოლით“ იღებს, მაგრამ როგორც 1,4 მილიარდი კათოლიკეს ლიდერი არ დანებდება თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე და პაპ ფრანცისკეს საქმეს გააგრძელებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ბრძოლა სიღარიბესთან და გარემოს დაცვა.

მან ასევე გააკრიტიკა „სიძულვილი, ძალადობა, ცრურწმენა, განსხვავებულობის შიში და ეკონომიკური პარადიგმა, რომელიც დედამიწის რესურსების ექსპლუატაციას ეწევა “.

ლეოს თქმით, კარდინალებმა, რომლებმაც მას ხმა მისცეს, „აირჩიეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქრისტიანული რწმენის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნება და ამავდროულად მომავლისკენ ყურება, რათა პასუხი გასცეს თანამედროვე სამყაროს პრობლემებს, გამოწვევებსა და კითხვებს“.

ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.