18 წლის ბრიტანელი გოგო, რომელიც თბილისის აეროპორტში 14 კილოგრამი ნარკოტიკით დააკავეს - დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ამბობს, რომ ორსულადაა

ბრიტანეთის მოქალაქე

საქართველოში ნარკოტიკის შემოტანისთვის - 18 წლის ქალს 20 წალმდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრიტანეთის მოქალაქის საგაზაფხულო არდადეგები ქართულ ციხეში სრულდება. ახალგაზრდა ქალი ქვეყანაში ტაილანდიდან ჩამოვიდა და სამგზავრო ჩანთით 12 კილოგრამი მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში შემოიტანა.

"კურიერი P.S."-მა დაკავებული ახალგაზრდის მამას თბილისში მიაგნო. როგორ აღმოჩნდა საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულის ჩემოდანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი? დაკავებულის ოჯახს კითხვაზე პასუხი არ აქვს. გაირკვა ისიც, რომ მშობლები ქალიშვილს უკვე 2 კვირაა ეძებენ, იმყოფებოდნენ ტაილანდშიც, თუმცა იქ გაიგეს, რომ მათი შვილი დაკავებული იყო, თანაც ტაილანდიდან ძალიან შორს.

ვილიამ კალი დასთან ერთად, "კურიერი P.S.-მა", თბილისში ჩამოსვლის დღეს გადაიღო. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ ქალიშვილის უმძიმეს დანაშაულში მონაწილეობაზე არაფერი იცის.

მამა შვილს ჯერ ტაილანდში ეძებდა, შემდეგ კი გაიგო, რომ გოგონა თბილისის აეროპორტში ნარკოტიკით სავსე ჩემოდნით დააკავეს.

18 წლის ქალიშვილისთვის ის ახლა კერძო ადვოკატს ეძებს, ითხოვს ქალთა ციხეში შვილთან შეხვედრასაც.

თბილისი, 11 მაისი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჟადან თვითმფრინავი დაეშვა. მებაჟე ოფიცრებს კონტროლის ფარგლებში, ნებისმიერი მგზავრის შეჩერების უფლება აქვთ. სკანერის მეშვეობით შეუძლიათ მისი ბარგის და სხეულის შემოწმებაც. ვითარების შესაბამისად, საქმეში კინოლოგების ჯგუფიც ერთვება.

18 წლის ბრიტანელი გოგონა სხვა მგზავრებთან ერთად, ჩაბარებულ ჩემოდანს ელოდებოდა. მის ქცევაში საეჭვო არაფერი ყოფილა, განსხვავებით ჩემოდნისა, რომელმაც მფლობელთან მისვლამდე რენტგენოსკანერი გაიარა. მებაჟემ ეკრანზე უცნაური მასა შენიშნა.

თავის მართლებამ ვერ უშველა - დაახლოებით მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკით, აეროპორტში დააკავეს.

სანამ პატიმრობას შეუფარდებდნენ, ბელა მეიმ სასამართლო დარბაზში ბრალს დუმილით უპასუხა, მხოლოდ ის თქვა, რომ ფეხმძიმედ არის. ვიდრე მამა მისთვის კერძო ადვოკატს დაიქირავებს, დაკავებულის ინტერესებს სახელმწიფოს მიერ დანიშნული საზოგადოებრივი დამცველი იცავს.

გზა სტუდენტობიდან ქართულ ციხემდე. უცხოური მედიის ინფორმაციით, პროფესიით მომავალი მედდა, 18 წლის ბელა მეი კალი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრის, გარდაცვლილი ფრენკ კუკის შთამომავალია. გოგონა ოჯახთან ერთად ბილინგემში ცხოვრობს. აპრილის ბოლოს სამოგზაუროდ ჯერ ფილიპინებში გაემგზავრა, დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადავიდა ტაილანდში. 5 მაისის შემდეგ, ოჯახს არ დაკავშირებია.

telegraph-ი აქვეყნებს ფოტოებს, რომელიც ბელა მეიმ ტაილანდიდან გააზიარა, მათ შორის არის პოსტი, სადაც ის ფულს აჩვენებს და მის ისტორიას ცნობილ ამერიკელ მძარცველებს, შეყვარებულ წყვილს ბონის და კლაიდს ადარებს. ბელა მეიმ სოციალურ ქსელებში აქტივობა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყვიტა. ოჯახმა ძებნა დაიწყო - ჩაერთო მედიაც. სწორედ ამ დროს ქალიშვილის მოსაძებნად ტაილანდში გაემგზავრა მამა. იქ პოლიციამ შეატყობინა, რომ მისი ქალიშვილი საქართველომ დააკავა.

"ბიბისი", "გარდიანი", "ტელეგრაფი", "მირორი" და სხვა გამოცემები - უკვე რამდენიმე დღეა 18 წლის ბრიტანელის 14 კილოგრამი ნარკოტიკით დაკავება საერთაშორისო და ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. სწორედ პრესის ფურცლებიდან ვკითხულობთ ბრალდებულის ბაბუასთან ინტერვიუს.

იცოდა თუ არა რა მოჰქონდა ჩემოდნით? ჰყავდა თუ არა საქართველოში მოკავშირე და საით ჰქონდა გეზი თბილისიდან? - ამ შეკითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

პროკურატურას 18 წლის ბრალდებულისთვის ოჯახთან შეხვედრა ან ციხიდან ზარები შეზღუდული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსული მამა, ბელა მეი კალის სავარაუდოდ ქალთა ციხეში უახლოეს დღეებში შეხვდება. ბრიტანელი გოგოს ქმედება კი, შესაძლოა დიდი საერთაშორისო ნარკოდანაშაულებრივი სქემის ნაწილი იყოს. პატიმარს ახლა ერთი შანსი აქვს - უმძიმესი სასჯელის შემსუბუქება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

ვინ დგას დანაშაულებრივი სქემის სათავეში - გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, პირველ ივლისს 18 წლის ბელა მეი კალის წინასასამართლო სხდომაზე კიდევ უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდეს.