„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის გენერალი საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროების ბრალდებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ბრეტ სილვია

აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ბრეტ სილვია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, სილვიას საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებენ. ის პენტაგონის გაერთიანებული შტაბის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც სამხედრო დაგეგმვის საკითხებზე მუშაობდა. ჰეგსეტის ინიციატივით, პენტაგონში ინფორმაციის გაჟონვის წყაროების გამოსავლენად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნეს. გამოძიების ფარგლებში მაღალჩინოსნებს პოლიგრაფიულ შემოწმებასაც უტარებენ. პენტაგონის ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სილვიამ სამჯერ ვერ გაიარა პოლიგრაფიული შემოწმება, რომლის დროსაც მას საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ეკითხებოდნენ.

„ინფორმაციის გაჟონვის მასშტაბები იმდენად კრიტიკული გახდა, რომ ჰეგსეტმა დაუყოვნებლივი ზომები მიიღო და სილვია თანამდებობიდან გაათავისუფლა, რათა ეროვნული უსაფრთხოება დაეცვა. გადაუდებელი მოქმედება იყო საჭირო და ამის კიდევ ერთი წამით გადადება შეუძლებელი იყო“- განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

✕