რობერტა მეცოლა მოუწოდებს აშშ-ს, არ ჩაერიოს ევროპის არჩევნებში

რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აშშ-ს მოუწოდებს, არ ჩაერიოს ევროპის არჩევნებში. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მეცოლას თქმით, ევროკავშირი არ გამოხატავს პრეფერენციებს, ვინ უნდა გაიმარჯვოს ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებში.

ამასთან, როგორც მეცოლამ აღნიშნა, მიუღებელია თეთრი სახლის მცდელობები, ზეგავლენა მოახდინოს ევროპაში პოლიტიკაზე.

„ეს არის დისკუსია, რომელიც გვაქვს ამერიკელ კოლეგებთან. როგორც ჩვენ არ ვეტყოდით, რა უნდა გააკეთონ ნოემბერში, ანალოგიური თხოვნა გვექნებოდა მათთანაც. ვისურვებდი, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე გადაწყვეტილება მიიღონ თავისუფლად, სამართლიანად. ეს ნიშნავს, რომ გარე ჩარევებს ან მანიპულაციებს თუ დავინახავთ, ჩვენ გვაქვს ამასთან საბრძოლველი ინსტრუმენტები“, – განაცხადა მეცოლამ.

ამავე ინტერვიუში ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოსავალს, რაც ირანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გააჩენს.

„მივესალმებით ნებისმიერ გამოსავალს, რაც გააჩენს შესაძლებლობას, ირანში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ირანელებს ჰქონდეთ საშუალება, თავად აირჩიონ ლიდერები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდეს. გვირჩევნია არასამხედრო გამოსავალი, რაც ასევე ბევრი ირანელის თხოვნაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ირანელებს სურთ ცვლილებები“, – აღნიშნა მეცოლამ.