რობერტ ფიცო: დღეს სლოვაკეთის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მიწოდება განახლდა, ეს მილსადენი გეოპოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქნა გამოყენებული

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მილსადენ „დრუჟბას“ გახსნა მისი მთავრობის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის, ევროკომისიისა და კომპანია Transpetrol-ის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

„დღეს სლოვაკეთის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მიწოდება განახლდა. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ევროკომისიის წარმომადგენლებს, რადგან კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრებზე ვხედავდი მის ინტერესს მილსადენის ნაკადის განახლებასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ცენტრალური ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უკავშირდება. „დრუჟბას“ მილსადენი გეოპოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქნა გამოყენებული“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

ამასთან, ფიცოს თქმით, სლოვაკეთი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გადაცემის წინააღმდეგია და მასში მონაწილეობას არ მიიღებს ისევე, როგორც უნგრეთი და ჩეხეთი.

„ეს საომარი სესხია. მე ამ პროცესში მონაწილეობა არ მინდა“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.