რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს ევროპარლამენტის შენობაში შესვლა აუკრძალეს

იულია მენდელ

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში შესვლა აუკრძალეს.

იოზვიაკის თქმით, მენდელი 17 სექტემბერს ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო.

„ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს, სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში შესვლა აუკრძალეს. ის ხვალ იქ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო სიტყვით“, – წერს იოზვიაკი.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილი პრესსპიკერის, იულია მენდელის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ზელენსკიმ ხელი მოაწერა სამ ბრძანებულებას, რომლებითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხთან“ დაკავშირებული საწარმოებისა და პირების, ასევე რუსეთის აგრესიის გამამართლებელი პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

იულია მენდელი ზელენსკის პრესსპიკერის თანამდებობას 2019 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 9 ივლისამდე იკავებდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მან პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა. მენდელის ერთ-ერთი განცხადებით,  ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წელს მზად იყო, ომის დასრულების სანაცვლოდ, დონბასი რუსეთისთვის გადაეცა.