მუზების პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1771617633
აშშ-ის სამხედრო დაგეგმვა ირანის წინააღმდეგ მოწინავე ეტაპზე გადავიდა - ვარიანტები მოიცავს თავდასხმის ფარგლებში კონკრეტული პირების ლიკვიდაციას და თეირანში რეჟიმის შეცვლის მცდელობასაც კი, თუკი ამის ბრძანებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასცემს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
სამხედრო ვარიანტები იმის უახლესი ნიშანია, რომ აშშ ირანთან სერიოზული კონფლიქტისთვის ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ დიპლომატიური მცდელობები მარცხით დასრულდება.
Reuters-მა გასულ კვირას პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის წინააღმდეგ ხანგრძლივი, მრავალკვირიანი ოპერაციისთვის ემზადებიან, რაც შეიძლება მოიცავდეს დარტყმებს როგორც ირანის უსაფრთხოების ობიექტებზე, ასევე ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე.
უკანასკნელი ცნობები მიუთითებს უფრო დეტალურ და ამბიციურ დაგეგმარებაზე ტრამპის გადაწყვეტილების მოლოდინში, რომელმაც ბოლო დღეებში საჯაროდ გააჟღერა ისლამურ რესპუბლიკაში რეჟიმის შეცვლის იდეა.
აშშ-ის ოფიციალურ პირებს, რომლებმაც დაგეგმარების სენსიტიური ხასიათის გამო ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, არ დაუკონკრეტებიათ დეტალები იმის შესახებ, თუ რომელი პირები შეიძლება გახდნენ სამიზნეები, ან როგორ შეეცდება აშშ-ის სამხედრო ძალები რეჟიმის შეცვლას ფართომასშტაბური სახმელეთო ჯარების გამოყენების გარეშე.
„რეჟიმის შეცვლის მცდელობა კიდევ ერთი გადახვევა იქნება ტრამპის საარჩევნო კამპანიისდროინდელი დაპირებებიდან, როდესაც ის პირობას დებდა, რომ უარს იტყოდა წარსული ადმინისტრაციების პოლიტიკაზე, რაც ავღანეთსა და ერაყში მთავრობების დამხობისკენ მიმართულ სამხედრო ძალისხმევასაც მოიცავდა“, - წერს სააგენტო Reuters.