Reuters: ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება

ალიშერ უსმანოვი

ევროკავშირი მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ორი რუსი მილიარდერისთვის სანქციების მოხსნის გამო - გაერთიანების ზოგიერთი წევრის განცხადებით, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის უკრაინის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის ფუნდამენტურ პრინციპს და სიგნალია იმისა, რომ ბლოკი დაშანტაჟებას დაემორჩილება, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters.

საფრანგეთის ზეწოლის შედეგად და უკრაინის მოწოდებების მიუხედავად, ევროკავშირი სამშაბათს შეთანხმდა, მოუხსნას სანქციები - აქტივების გაყინვა და გადაადგილების აკრძალვა - ალიშერ უსმანოვსა და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის თანადამფუძნებელს, მიხაილ ფრიდმანს.

როგორც სამმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა, საფრანგეთმა პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი უსმანოვის სანქციების თემას პარიზზე ზეწოლის ბერკეტად იყენებდა დაკავებული ორი ფრანგის გამოსახსნელად.

ოთხშაბათს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული საფრანგეთის მოქალაქე შეიწყალა. ოფიციალურმა პარიზმა ეს ნაბიჯი „ჰუმანიტარულ ჟესტად“ შეაფასა.

საფრანგეთის მცდელობამ უსმანოვისთვის სანქციები მოეხსნა, ლუქსემბურგსაც ბიძგი მისცა, ანალოგიური მიდგომა მოეთხოვა ფრიდმანის მიმართაც, რომელიც აქტივების გაყინვის გამო ქვეყანას 16 მილიარდ დოლარს ედავება.

დიპლომატების ცნობით, სხვა ქვეყნების მთავრობები იძულებულნი გახდნენ, დათმობაზე წასულიყვნენ საფრანგეთის წინაშე, რომელმაც ეს საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებას დაუკავშირა. ამის სანაცვლოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი წლით გაგრძელდებოდა რუსეთთან დაკავშირებული სანქციები დაახლოებით 3 000 სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე.