26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა! - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
1787690128
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობის მიერ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში განხორციელებული საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე მიიღეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სამშაბათს უწყებამ მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ამერიკულ საელჩოსა და საკონსულოში თანამშრომლებისთვის ტრენინგის გლობალური პროგრამა დაიწყო. მისი თქმით, სავიზო მომსახურებასთან დაკავშირებული გასაუბრებების განრიგი ტრენინგის ვადების შესაბამისად შეიცვლება.
როგორც სააგენტო იუწყება, ტრამპი აქტიურად ახორციელებს დეპორტაციისა და საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს ვიზებისა და მწვანე ბარათების გაუქმებას, ასევე სავიზო განაცხადების სხვადასხვა მიზეზით უარყოფას, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებებისა და აშშ-ის მოკავშირე ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ გამართული პროპალესტინური საპროტესტო აქციების გამო.
ტრამპის განცხადებით, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების მიზანი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
ტრამპის ამ პოლიტიკას სამართლებრივი წინააღმდეგობებიც შეხვდა. პარასკევს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააუქმა, რომელიც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა. მოსამართლის შეფასებით, ეს პოლიტიკა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას აღემატებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტს ტრენინგის კონკრეტული დეტალები და ხანგრძლივობა არ დაუკონკრეტებია. უწყების განცხადებით, პროგრამის მიზანია საკონსულო ოფიცრებისთვის ისეთი განმცხადებლების გამოვლენის სწავლება, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო სოციალური დახმარების სისტემაზე დამოკიდებულნი გახდებიან. ტრენინგი ასევე მიზნად ისახავს სავიზო განაცხადების „ყოვლისმომცველად და თანმიმდევრულად“ შეფასების უზრუნველყოფას.
Reuters-ის ცნობით, ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს არალეგალური იმიგრაციის შეჩერების დაპირებით გამოდიოდა. თუმცა, მისმა ადმინისტრაციამ ლეგალური იმიგრაციის მიმართულებითაც გაამკაცრა წესები, მათ შორის გარკვეული სამუშაო ვიზების განმცხადებლებისთვის ახალი და ძვირად ღირებული მოსაკრებლების დაწესებით.