Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა

ზადორნოვი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ზადორნოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მოხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ზადორნოვს, რომელიც 2022 წლიდან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იყო დასანქცირებული, ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა.

„როგორც გარკვეული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ისე მათი ამოღება სიიდან არის საჭირო ინსტრუმენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - განუცხადა სააგენტოს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, სანქციების დაწესების აზრი არა ადამიანის დასჯაში, არამედ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე პოზიტიურ გავლენაში მდგომარეობს.

ზადორნოვს რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 1997-1999 წლებში ეკავა. საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ის კერძო სექტორში, VTB Bank-ში გადავიდა.