რატომ უქმდება ფრენები ევროპაში

ფრენა

მაისის შემდეგ ავიაკომპანიებმა ევროპაში ათიათასობით ფრენა გააუქმეს, რის გამოც უამრავი მგზავრი დაზარალდა.

ევროპული აეროპორტები ამჟამად პერსონალის უკიდურეს დეფიციტთან გამკლავებას ცდილობენ.

კორონავირუსის პანდემიის პიკში ევროპულმა აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა დაახლოებით 191 000 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ახლა, როცა 2019 წლის შემდეგ საერთაშორისო ავიამიმოსვლის ტემპი იმატებს, აეროპორტებში საკმარისი პერსონალი არ არის.

ხანგრძლივი შემოწმებებისა და არამიმზიდველი სამუშაო პირობების გამო, დასაქმების პროცესი შეჩერებულია.

იმავდროულად, დარჩენილი პერსონალის ნაწილმა ცუდი სამუშაო პირობებისა და პანდემიის დროს ხელფასების შემცირების გამო გაფიცვების სერია დაიწყო. BA, Ryanair, easyJet, Schiphol airport, და Lufthansa არიან იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც პრობლემების წინაშე დგანან.

ესპანური Ryanair-ის ეკიპაჟმა გასულ კვირას 12-დღიანი გაფიცვა გამოაცხადა, ხოლო easyJet-ის თანამშრომლები სამუშაოს 9 დღით ტოვებენ.

შექმნილი პერსონალის დეფიციტი და გაფიცვები საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის პროცესს დაემთხვა.

ეს ბუმი ნაწილობრივ ევროპის ქვეყნების მიერ კოვიდშეზღუდვების სწრაფი შემსუბუქებით არის განპირობებული.

ევროპულ აეროპორტებში არსებული ქაოსი, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება, რადგან მგზავრების რაოდენობა პერსონალის შესაძლებლობებს აღემატება, ეს სხვაობა კი იზრდება. პერსონალის რეკრუტირების ღონისძიებები გრძელდება, მაგრამ მათ მომზადებას დრო დასჭირდება.

Air Council International-მა იწინასწარმეტყველა, რომ ზაფხულში ევროპის აეროპორტების 2/3-ში შეფერხებები გარდაუვალია.

 

წყარო: ევრონიუსი