Radio France Internationale: საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე

პიტერ მადიარი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International, შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთის ახალი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების ფორმებსა და მეთოდებზე, - წერს ფრანგული მედიასაშუალება Radio France Internationale.

„ზოგიერთი ეს რეფორმა ლეგიტიმურია და ხშირად აუცილებელიც კი სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის აღსადგენად“, - განაცხადა უნგრეთში Amnesty International-ის წარმომადგენელმა, არონ დემეტერმა.

„თუმცა, ზოგჯერ ისინი სცილდებიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და სწორედ ეს იწვევს ჩვენს წუხილს“, - აღნიშნა მან.

უფლებადამცველებთან ერთად ადგილობრივი იურისტებიც ამახვილებენ ყურადღებას იმ მეთოდებზე, რომლითაც მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მიაღწია.

პრეზიდენტმა თანამდებობიდან წასვლა საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტის დეკრეტზე ხელის მოწერით არჩია.

„კონსტიტუცია ითვალისწინებს იმპიჩმენტის მკაფიო პროცედურას და ჩვენ მთავრობას სწორედ იმას ვსაყვედურობთ, რომ ის არ გამოიყენა“, - აღნიშნა დემეტერმა.

მისი თქმით, როდესაც არსებობს გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესი, ხელისუფლება მას უნდა მიჰყვეს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე პრეზიდენტის გადაყენება კონსტიტუციური შესწორების გზით.