1772916489
რა განაპირობებს საქართველოში სამომხმარებლო მაღალ ფასებს და რა გზებით მოხდება ბაზარზე ფასების კლება - მომავალი კვირიდან პარლამენტი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმენს
პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასების შემცირებაზე მუშაობს, მომავალი კვირიდან ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმენს. რა განაპირობებს საქართველოში სამომხმარებლო მაღალ ფასებს და რა გზებით მოხდება ბაზარზე ფასების კლება - რამდენიმე პრობლემური მიმართულება უკვე გამოიკვეთა. კომისიის თავმჯდომარე ფასწარმოქმნის ჯაჭვზე მიუთითებს და ამბობს, რომ შესწავლილი იქნება როგორც კომპანიების საოპერაციო ხარჯები, ასევე რა განაპირობებს პროდუქტებზე მაღალ ფასებს.
სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, საპარლამენტო კომისიამ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან იმუშავა. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, პროცესი ფასების შემცირებაზე დადებით გავლენას მოახდენს.
სამუშაო ფორმატში მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიცია, საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩენილები კი კომისიის მუშაობას აკრიტიკებენ და პროცესს პესიმისტურად აფასებენ.
საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ამბობენ, რომ ინიციატივა, რომელიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას უკავშირდება, მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით კი, ნებისმიერი გადაწყვეტილება გრძელვადიანი ეფექტის მომტანი იქნება.
პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამუშაო შეხვედრების შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. საპარლამენტო დროებითი კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილში დაასრულებს.











