სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარა

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარა. მათივე სურვილით, ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.

სუს-მა გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც ეხებოდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და მინიშნებებს ტერორიზმთან დაკავშირებით.

"კურიერის" მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება აკვირდება და სწავლობს როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

"ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.

დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ", - აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.