რა ელის კრისტა პაიკს, რომელიც ორი სასიკვდილო ინიექციის შემდეგ გამოჯანმრთელდა - ხმაურიანი საქმის დეტალები

ორი სასიკვდილო ინექციის შემდეგ გადარჩენილი პატიმარი, კრისტა პაიკი გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯის წარუმატებელმა მცდელობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. 50 წლის მსჯავრდებული ქალი სასიკვდილო ინიექციის ორი დოზის მიღების შემდეგაც გადარჩა.

რამდენიმე დღის შემდეგ გონზე მოვიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

პაიკის ადვოკატების განცხადებით, ქალი საავადმყოფოში მკურნალობს. მისი გამოჯანმრთელების პროცესი რთულია, ხოლო ექიმებს ჯერ არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, რა გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომხდარს.

კრისტა პაიკის საქმის გარშემო ახლა მთავარი კითხვაა, რა ელის მას მომდევნო დღეებსა და თვეებში, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე სამართლებრივი პროცესების თვალსაზრისით.

კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა 2026 წლის 30 სექტემბერს, ტენესის შტატში უნდა აღსრულებულიყო. ქალი 1995 წელს, 19 წლის კოლინ სლემერის წამებისა და მკვლელობის საქმეზე იყო მსჯავრდებული. დანაშაულის ჩადენის დროს პაიკი 18 წლის იყო.

სიკვდილით დასჯის პროცედურის დროს მას პენტობარბიტალის ორი დოზა შეუყვანეს, თუმცა ქალი არ გარდაიცვალა. მოწმეების ინფორმაციით, ინიექციების შემდეგ პაიკი კვლავ სუნთქავდა, გამოსცემდა ხვრინვის მსგავს ხმებს და მკლავის ტკივილს უჩიოდა. საბოლოოდ, პროცედურა შეწყდა და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი ადვოკატების განცხადებით, სამედიცინო პერსონალს ვენაში კათეტერის მოთავსება უჭირდა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ პროცედურის დროს დაშვებულმა შეცდომებმა პაიკის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დამატებითი საფრთხე შეუქმნა. შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სიკვდილით დასჯის დადგენილი პროტოკოლი დაიცვა.

პაიკის გადარჩენის შემდეგ მისი საქმის სამართლებრივი მხარეც კვლავ აქტუალური გახდა. ადვოკატები აპირებენ, ტენესის შტატის გუბერნატორს, ბილ ლის, კვლავ მიმართონ თხოვნით, სასიკვდილო განაჩენი უვადო პატიმრობით შეცვალოს, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე.

ამასთან, სასამართლომ შტატის შესაბამის უწყებებს დაავალა, შეენარჩუნებინათ წარუმატებელ პროცედურასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობა, ჩანაწერები და დოკუმენტაცია. ეს ნაბიჯი შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმის დასადგენად, კონკრეტულად რა მოხდა სიკვდილით დასჯის დროს.

ინციდენტის შემდეგ გუბერნატორმა 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის დაგეგმილი სიკვდილით დასჯები შეაჩერა და მომხდარის გადახედვა მოითხოვა.

ამ ეტაპზე კრისტა პაიკის საბოლოო ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მკურნალობას საჭიროებს, ხოლო ადვოკატები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. უცნობია, დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნა სასიკვდილო განაჩენის შეცვლის შესახებ.

✕