ქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს

სისხლის ჯგუფი

ქალის ორგანიზმში აქამდე უცნობი ტიპის სისხლი აღმოაჩინეს, რომელსაც „გვადა უარყოფითი" ეწოდა. ეს იმიტომ, რომ პაციენტი წარმოშობით კარიბის ზღვის არქიპელაგ გვადელუპადანაა. მისი იდენტიფიკაცია ოპერაციამდე ამ ინდივიდის სხეულიდან აღებული ნიმუშის მოპოვებიდან 15 წლის შემდეგ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის სისხლის ცენტრმა (EFS) გაავრცელა.

„EFS-მა ახლახან მსოფლიოს სისხლის ჯგუფთა 48-ე სისტემა აღმოაჩინა. ეს მიგნება სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISBT) მილანში ივნისის დასაწყისში ოფიციალურად აღიარა", - ვკითხულობთ LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცენტრში მომუშავე და კვლევაში მონაწილე სამედიცინო ბიოლოგ ტერი პეირარდის თქმით, პაციენტის უჩვეულო ანტისხეული პირველად 2011 წელს შენიშნეს. ამის მიუხედავად, მაშინდელი რესურსები უფრო სიღრმისეული შესწავლის საშუალებას არ იძლეოდა.

ეს მოგვიანებით, 2019 წელს, მოხერხდა. მეცნიერებმა დნმ-ის გაშიფვრის ისეთი მეთოდი გამოიყენეს, რომლის მეშვეობითაც დიდი რაოდენობით მონაცემების მცირე დროში გაანალიზებაა შესაძლებელი. ამან გენეტიკური მუტაცია გამოავლინა. თავად პაციენტი 54 წლის იყო და პარიზში ცხოვრობდა, როცა ოპერაციის წინ რუტინულ შემოწმებებს იტარებდა. მის ბიოლოგიურ მასალაში უცნობი ანტისხეული სწორედ მაშინ დაფიქსირდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მთელს მსოფლიოში ასეთი ჯგუფის სისხლი მხოლოდ ამ ერთ ადამიანს აქვს, ანუ იგი მხოლოდ საკუთარი თავისთვისაა თავსებადი. მათი თქმით, ქალმა ასეთი სისხლი მემკვიდრეობით დედისგან და მამისგან მიიღო, რომელთაც მუტირებული გენი ჰქონდათ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი სისხლის ჯგუფით სხვა ადამიანებსაც მიაგნებენ, რადგან ეს მათთვის უკეთესი სამედიცინო დახმარების გაწევას შეუწყობს ხელს.