პუტინი: ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, აზრი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არსებობს - შეაჩეროს ჩვენი შეიარაღებული ძალების შეტევა, სულ ეს არის

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვკადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაში „ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს“.

„შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. აზრი მხოლოდ უკრაინული მხარისთვის არსებობს - შეაჩეროს ჩვენი შეიარაღებული ძალების შეტევა, სულ ეს არის. ჩვენ კი შეთანხმებები გვჭირდება არა ნახევარი წლით ან სამი თვით, არამედ გრძელვადიანი ისტორიული პერსპექტივით“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერი ასევე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი 21 მაისს კიევში ზელენსკის შეხვდა. „დაბრუნდა. მე მას შევხვდი. ნუ, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბატონმა ზელენსკიმ შეხვედრა ითხოვა“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მას არასოდეს უთქვამს უარი დიალოგზე, თუმცა არ სურს „წყლის ნაყვა“.