პუტინი ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის მიმართ სანქციების ნაწილი გაუქმდება - REUTERS

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი გაუქმდება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ნატო-ს გაფართოების შეჩერებისა და სანქციების შემსუბუქების გარდა, რუსეთის მოთხოვნებს შორის არის დასავლეთში რუსული გაყინული აქტივების საკითხის გადაჭრა და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.

„პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც „როიტერს“ ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამასთან, როგორც მედიასაშუალების წყარო აღნიშნავს, თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ მშვიდობის მიღწევა მისი პირობებით შეუძლებელია, ის ეცდება, უკრაინელებსა და ევროპელებს სამხედრო წარმატებებით აჩვენოს, რომ „მშვიდობა ხვალ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“.

რუსულ მხარეს „როიტერთან“ აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ჩვეულებრივ აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრა.

„როიტერთან“ საუბარში ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ პუტინი თუ დაინახავს ტაქტიკურ შესაძლებლობას ბრძოლის ველზე, ის უკრაინის შიგნით შეტევას გააგრძელებს. ამასთან, კრემლში სჯერათ, რომ რუსეთს შეუძლია, წლების განმავლობაში გააგრძელოს ბრძოლა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად.

კიდევ ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ ამჟამად პუტინი ნაკლებად არის განწყობილი ტერიტორიულ კომპრომისზე წასასვლელად. „პუტინმა გაამკაცრა თავისი პოზიცია“, – აღნიშნა მან.