პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის წარმომადგენლებს ვეუბნები - ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ გაწუხებთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება მეზობლებთან

რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთს თავის დაშინების უფლებას არ მისცემენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც ესტონეთმა რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსულმა გამანადგურებლებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსული დრონების მიერ მის ქვეყანაზე თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ დაარღვიეს.

მისი აზრით, ასეთი დარღვევები ეჭვს იწვევს, რადგან ეს არის ჰიბრიდული ომის ესკალაცია, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ მრავალი წელია აწარმოებს.

„გაეროს უშიშროების საბჭოს აქვს პასუხისმგებლობა, მკაფიოდ განაცხადოს, რომ მსგავს პროვოკაციებს არ შევეგუებით... რუსეთის წარმომადგენლებს ვეუბნები: ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ გაწუხებთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მშვიდობიანად ცხოვრება მეზობლებთან“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი აზრით, რუსეთის ასეთი საქციელი განპირობებულია მისი „გაცოფებული ნაციონალიზმითა“ და „დომინირების მოთხოვნილებით“.

„ეს არ დასრულდება მანამ, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ იმპერიული ერა დასრულდა და თქვენი იმპერია არ აღდგება. თქვენმა სამდღიანმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ დონბასი 10 წელიწადშიც კი ვერ დაიპყრო. 1914 წელს თქვენ დააჩქარეთ პირველი მსოფლიო ომი, რამაც გამოიწვია თქვენი ბოლშევიკური რევოლუცია. სტალინსა და ჰიტლერს შორის პაქტის გაფორმებით, თქვენ დააჩქარეთ მეორე მსოფლიო ომი, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის გასაბჭოებით, თქვენ ცივი ომის პროვოცირება მოახდინეთ. ნუ დაიწყებთ კიდევ ერთ ომს“, - განაცხადა სიკორსკიმ.

„არავინ უჭერს მხარს უკრაინის დაპყრობის თქვენს მცდელობებს და ჩვენ არ დავშინდებით. თუ სხვა რაკეტა ან ობიექტი მოხვდება ჩვენს სივრცეში, განზრახ თუ შემთხვევით, თუ მას ჩამოაგდებენ და ნამსხვრევები ნატოს ტერიტორიაზე დაეცემა, აქ ჩივილით არ მოხვიდეთ. თქვენ გაგაფრთხილეს“, - დასძინა მან.