პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი: დაფიქრებულა კი ოდესმე უკრაინული საზოგადოება იმაზე, ნამდვილად სურთ თუ არა მათ კლეპტოკრატიულ ელიტებს ევროკავშირში გაწევრიანება?

მარჩინ პშიდაჩი

პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება „კლეპტოკრატიულია“ და ეჭვი გამოთქვა მათ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით.

პშიდაჩმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კიევი პოლონურ-უკრაინულ კონფლიქტს ამწვავებს იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს შიდა პრობლემებიდან.

„დაფიქრებულა კი ოდესმე უკრაინული საზოგადოება იმაზე, ნამდვილად სურთ თუ არა მათ კლეპტოკრატიულ ელიტებს ევროკავშირში გაწევრიანება? რიგითი უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა, უდავოდ, ამისკენ მიისწრაფვის, სურს იყოს დასავლეთის ნაწილი (თუმცა რამდენიმე წლის წინ ეს ასე აშკარა არ იყო), მაგრამ ნუთუ ამისკენ მათი ოლიგარქიული კორუმპირებული ელიტებიც მიისწრაფვიან?“ - აღნიშნა პშიდაჩმა.

„რა თქმა უნდა, უფრო ადვილია ისტორიული დაძაბულობის პროვოცირება და გაღვივება, რათა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას რეფორმების არარსებობისთვის, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის ნაკლებობისთვის, რეალური დეოლიგარქიზაციის, მეწარმეებისთვის რეალური გაუმჯობესებების, კანონის უზენაესობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მრავალი სხვა ისეთი საკითხის არარსებობისთვის, რომელთა მიღწევაც ამ ელიტებმა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ვერ შეძლეს“, - დაწერა საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა.

„დიახ, ბანდერასთან, შუხევიჩთან ან კლიაჩკივსკისთან ერთად უკრაინა ევროკავშირში ვერ შევა, მაგრამ ნამდვილად სურთ კი ეს მათ ლიდერებს, თუ ისინი უბრალოდ ატყუებენ საკუთარ ამომრჩევლებს, რომლებიც სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულნი არიან ასეთი ხელისუფლების მიმართ?“ - იკითხა პშიდაჩმა.