არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური დააკავეს
1758103555
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ლონდონში იმყოფება, სადაც მისთვის საპატიო გვარდიის თანხლებითა და სამეფო ცერემონიებით მდიდრული მიღება მოეწყო.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ეს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ალიანსის ხაზგასასმელადაა განკუთვნილი, არამედ იმისთვისაც, რომ მეფე ჩარლზმა ტრამპი დაარწმუნოს, რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მეტად დაუჭიროს მხარი.
როგორც გამოცემა წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და მეფე ჩარლზს სურთ, დაარწმუნონ ტრამპი, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.
სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი ოფიციალურად არ შედის ვიზიტის დღის წესრიგში, ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია, კულისებში მოხდეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპს ღრმა პატივისცემა და სიყვარული აქვს სამეფო ოჯახის მიმართ, რისი გამოყენებაც ლონდონს ტრამპის ვიზიტის დროს სურს.
„ასევე მოსალოდნელია, რომ მეფემ უკრაინა ახსენოს სახელმწიფო ბანკეტის დროს თავის გამოსვლაში, როგორც ეს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ბოლო ვიზიტის დროს გააკეთა, მაგრამ, საერთო ჯამში, მისი დიპლომატია სავარაუდოდ კულისებში დარჩება“, – წერია სტატიაში.
ამავდროულად, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტრამპის დარწმუნება, უფრო მტკიცედ დაუჭიროს მხარი უკრაინას, უკიდურესად რთულ ამოცანად რჩება. ექსპერტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი პუტინის მიმართ უფრო სკეპტიკურად განწყობილი გახდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯერ კიდევ აგრძელებს მასთან დიალოგს.