კარგი სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 4 ივლისიდან ამოქმედდება
1782989499
ევროკომისიის გამოძიებამ გამოავლინა უნგრეთის ჯაშუშური ქსელი, რომელთა სამიზნეც ევროკომისიის მაღალჩინოსნები იყვნენ. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ცნობით, აპრილით დათარიღებულ გამოძიების დასკვნაში საუბარია, რომ ოპერაცია 2013-2016 წლებში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც უნგრეთის დაზვერვის ოფიცრები, დიპლომატიური სტატუსის ქვეშ, ბრიუსელში უნგრეთის საელჩოს თანამშრომლებად იყვნენ გაფორმებული.
მისიის მიზანი იყო, ევროკომისიაში დასაქმებული უნგრელი მაღალჩინოსნებისგან მოეპოვებინათ ევროკომისიის შიდა ინფორმაციები ისეთ საკითხებზე, რომლებიც უნგრეთის მთავრობის ინტერესებს წარმოადგენდა.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ეს მოიცავდა უნგრეთის მოქალაქეობის მქონე ევროკომისიის ოფიციალურ პირებთან მიმართვას და მათგან დეტალური ინფორმაციის შეგროვების მცდელობას კომისიაში მუშაობის შესახებ, ისეთ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა უნგრეთის მთავრობისთვის.
სტატიის თანახმად, ჯაშუშური ქსელი თავდაპირველად ფარულად მოქმედებდა, თუმცა უნგრელი მაღალჩინოსნებისთვის მათი საქმიანობა 2015 წლიდან შესამჩნევი გახდა და ოპერაციის ეფექტურობაც შემცირდა, 2016 წლიდან კი, სრულად შეწყდა.
„2015 წელს, როდესაც ჯაშუშობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, ამავე პერიოდში, ოლივერ ვარჰეი უნგრეთის ელჩი გახდა ევროკავშირში. ის ამჟამად ჯანდაცვისა და ცხოველთა დაცვის საკითხებში ევროკომისარია. მან მუშაობა მუდმივ წარმომადგენლობაში 2011 წელს დაიწყო.
გასული წლის იანვარში, როდესაც პრესაში პირველად გაჩნდა ინფორმაცია, საელჩოში თითქოს ჯაშუშური ქსელია განთავსებული, ვარჰეიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ მან „არ იცოდა“ უნგრეთის სავარაუდო მოქმედებებზე. მიმდინარე წლის იანვარში კი, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, როდესაც ევროპარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა.
ვარჰეიმ განაცხადა, რომ მისთვის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის თხოვნით არ მიუმართავთ. „მომმართეს თუ არა უნგრელებმა ან სხვა სპეცსამსახურებმა? არა, არ მოუმართავთ“, – განაცხადა ვარჰეიმ ევროპარლამენტის კომიტეტის შეხვედრაზე“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება, რომელსაც თაღლითობის წინააღმდეგ ევროკომისარი პიოტრ სერაფინი ხელმძღვანელობდა, ოფიციალურად ადასტურებს ჯაშუშური ქსელის არსებობას. თუმცა, გამოძიების ხელთ არსებული მწირი ინსტრუმენტების გამო, ევროკომისიამ ვერ შეძლო ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება რომელიმე მაღალჩინოსანზე, გარდა თავად სპეცსამსახურების თანამშრომლებისა.
„გამოძიებისას მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე და ევროკომისიაში არსებული მწირი ინსტრუმენტების გათვალისწინებით, შეუძლებელია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ან ჩართულობის დადგენა, გარდა თავად დაზვერვის თანამშრომლებისა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საბოლოო ჯამში, ევროკომისიამ დახურა გამოძიება, როდესაც დაასკვნა, რომ უსაფრთხოების სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა.