POLITICO: უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ ნატო უკრაინისთვის მეტისმეტად მოძველებულია

ვალერი ზალუჟნი

ნატოს დაყრდნობა „მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზე“ და საომარი მოქმედებების ახალ ფორმებთან მისი ნელი ადაპტაცია ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ უკრაინა ოდესმე ალიანსის წევრი გახდება, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა და ქვეყნის ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ.

„12 წელი პირადად ვშრომობდი იმისთვის, რომ ნატოს სტანდარტები აგვეთვისებინა და ყოველ წელს ვისმენდი ზღაპრებს, რომ ალიანსში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ იქ ვერასდროს გავწევრიანდებით“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ნატოს ქვეყნებში - მაგალითად, ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის საშუალებები - შეუძლებელია გაწევრიანდე ორგანიზაციაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებს ეფუძნება, იმ განვითარების დონით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია“, - აღნიშნა მან.

როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ომის ზეწოლის ფონზე რუსეთმა საკუთარ შეიარაღებულ ძალებში სიღრმისეული ცვლილებები განახორციელა, რის გამოც ბევრი პოლიტიკოსი და დაზვერვის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის ის შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმისთვის მზად აღმოჩნდეს.