გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ მან თავისი დიპლომატიური გავლენა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასასრულებლად არ გამოიყენა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერკელი ევროკავშირს რუსეთთან დიალოგის არქონის გამო აკრიტიკებს“.
„მიმაჩნია, რომ სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ აქამდე ვუწევდით, აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია. ასევე მიმაჩნია, რომ მართებულია ბევრად მეტი გავაკეთოთ შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად, უკრაინის მხარდაჭერის მიღმაც. მე ვნანობ იმას, რომ, ჩემი აზრით, ევროპა საკმარისად არ იყენებს თავის დიპლომატიურ პოტენციალს“, - განაცხადა მერკელმა საზოგადოებრივ მაუწყებელ WDR-თან ინტერვიუში.
„მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ ტრამპი ინარჩუნებს კონტაქტს რუსეთთან“, - დასძინა მან.
მერკელმა, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005-დან 2021 წლამდე იკავებდა, განაცხადა, რომ 2021 წლის ოქტომბერში, მისი უფლებამოსილების მიწურულს, ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე, მან ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ფორმატის შექმნის ინიციატივა წამოაყენა - რუსეთის მიერ სრულმასშტაბური ომის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე. თუმცა, მან დასძინა, რომ ეს მცდელობა ჩავარდა ბლოკის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო იმის თაობაზე, თუ როგორ ჯობდა მოსკოვთან ურთიერთობა.
„ამ საკითხზე მუშაობა მანამ უნდა გააგრძელო, სანამ საერთო პოზიციას არ მიაღწევ“, - განაცხადა მან ბლოკის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრისას. „დიპლომატია ყოველთვის მედლის მეორე მხარე იყო, მათ შორის ცივი ომის დროსაც“.